კურსის მიზანი

არბიტრაჟი კომერციული დავების მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. საერთაშორისო გარიგებების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტას ითვალისწინებს. არბიტრაჟი შეიძლება ასევე იყოს ძალზედ ეფექტიანი ადგილობრივი კომერციული დავების გადასაწყვეტად. არბიტრაჟის მიმზიდველობას განაპირობებს მისი რამდენიმე მახასიათებელი, რაც არბიტრაჟს უფრო მორგებულს ხდის კომერციულ დავაში მონაწილე მხარეების საჭიროებებზე. თუმცა ხშირად მხარეებს და მათ სამართლებრივ წარმომადგენლებს შეიძლება არ ჰქონდეთ ინფორმაცია არბიტრაჟის შესახებ, არ ჰქონდეთ საარბიტრაჟო პროცედურების სათანადო აღქმა და შესაბამისად - არც ამ პროცესისადმი ნდობა.

წინამდებარე ონლაინ კურსი არის შესავალი კომერციულ არბიტრაჟი და მიზნად ისახავს მონაწილეთათვის კომერციული არბიტრაჟის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას. კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, ისევე როგორც არა-იურისტი პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ საბაზისო ცოდნა არბიტრაჟის შესახებ.

კურსის შინაარსი

კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის თავისებურებებს, რაც მას განასხვავებს დავების გადაწყვეტის სხვა მეთოდებისგან, საარბიტრაჟო შეთანხმების სპეციფიკას, მისი შედგენისას გასათვალისწინებელ გარემოებებს და პრობლემატურ საკითხებს, ეთიკური ნორმების მნიშვნელობას და სტანდარტებს არბიტრაჟში, არბიტრაჟის მარეგულირებელ ჩარჩოს და საარბიტრაჟო პროცესის მიმდინარეობას - არბიტრაჟის დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (პრინციპები, ეტაპები, დოკუმენტები, წესები). კურსი ასევე მიმოიხილავს სასამართლოს როლს საარბიტრაჟო პროცესში, პროცესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ. კურსის ფარგლებში განვიხილავთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თუ ცნობა-აღსრულების პროცესსა და საფუძვლებს.

კურსი შედგება ჯამში 8 მოდულისგან, ხოლო თითოეული მოდული მოიცავს

5 მოკლე (10-15 წუთიანი) აუდიო პრეზენტაციას, და

ამ მოდულისთვის რელევანტური საკითხავი მასალის კომპილაციას.

ყოველი მოდულის ბოლოს, მონაწილეს მიეწოდება მოკლე „ქვიზი“ და თვითშეფასების კითხვარი, იმისათვის, რათა მონაწილემ შეძლოს შეამოწმოს მოდულის ფარგლებში გავლილი მასალის ცოდნა. კურსის ბოლოს იქნება გამოცდა, რომლის წარმატებით გავლაც იქნება კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღების წინაპირობა.

კურსის გავლას ჯამში სჭირდება ____ საათი. მონაწილემ კურსი უნდა გაიაროს და გამოცდაზე დარეგისტრირდეს ავტორიზაციის მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის. თუკი მონაწილე არ დარეგისტრირდა დასკვნით გამოცდაზე ავტორიზაციის მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მას უწყდება ავტორიზაცია და ერთმევა სასერთიფიკატო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.

კურსი მომზადებულია ქართულ ენაზე.

კურსის მოსმენის განმავლობაში, თითოეულ მოდულზე, მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს ტესტები მოდულის ფარგლებში განვლილ საკითხებზე და გასცეს პასუხი ღია შეკითხვებს, საკუთარი ცოდნის შემოწმების მიზნით. მსმენელი არ ფასდება ტესტზე ან კითხვებზე გაცემულ პასუხებზე.

მონაწილის შეფასება ხდება მხოლოდ კურსის გავლის შემდგომ საბოლოო გამოცდაზე. გამოცდა ტარდება წელიწადში 4-ჯერ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ თარიღებზე. გამოცდის ჩაბარების მიზნით, მონაწილე ვალდებულია დარეგისტრირდეს გამოცდაზე, მისთვის სასურველ თარიღზე. მსურველთა რაოდენობა შესაძლოა შეზღუდული იყოს.

დასკვნითი გამოცდა ტარდება ონლაინ. მსმენელს გამოცდის დღეს, დათქმულ საათზე პორტალზე რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე მიეწოდება საგამოცდო საკითხები. საგამოცდო საკითხები მსმენელს ასევე გამოუჩნდება კურსის პორტალზე, მის პირად გვერდზე. მსმენელს ეძლევა 3 საათი, რათა დაასრულოს გამოცდა და პასუხები ატვირთოს კურსის პორტალზე, მის პირად გვერდზე, შესაბამის გრაფაში ან გამოაგზავნოს აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე. გამოცდა მოიცავს ჰიპოთეტური შემთხვევის ანალიზს და მოკლე ღია („ესეს ტიპის“) კითხვას.

კურსი შედგება 8 მოდულისგან:

  • შესავალი, ad hoc და ინსტიტუციური არბიტრაჟი
  • სამართლებრივი ჩარჩო, არბიტრაჟის ადგილის თეორია
  • საარბიტრაჟო შეთანხმება
  • ტრიბუნალის შედგენა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
  • საარბიტრაჟო განხილვა, უზრუნველყოფის ღონისძიებები და სასამართლოს დახმარება
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

დასკვნითი გამოცდა მოიცავს კაზუსის ამოხსნას და ერთ ღია ტიპის შეკითხვას.

რატომ უნდა გაიაროთ ეს ონლაინ კურსი?

  • ეს კურსი არის უნიკალური შესაძლებლობა გაიგოთ საკვანძო ასპექტები არბიტრაჟის შესახებ, რაც უფრო თავდაჯერებულს გაგხდით კომერციული გარიგებების შედგენის დროს დავების გადაწყვეტის სხვადასხვა გზებზე მოლაპარაკებებისას; ასევე გექნებათ მეტი კომფორტი და ინფორმაცია დავის წარმოშობის შემთხვევაში საარბიტრაჟო პროცესის წამოწყების და მასში მონაწილეობის შესახებ;
  • თქვენ გექნებათ საშუალება გაიაროთ კურსი თქვენთვის სასურველი ტემპითა და თქვენთვის მოსახერხებელ დროს, დისტანციურად;
  • ერთი წლის განმავლობაში თქვენ გექნებათ შეუზღუდავი წვდომა კურსის პორტალზე და განთავსებულ მასალებზე;
  • კურსის ბოლოს, გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სერტიფიკატს
  • თქვენი მონაცემები რეგისტრირდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ერთიან ბაზაში და გეგზავნებათ შეტყობინებები არბიტრაჟის სფეროში საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე;
  • თუკი თქვენ ხართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, კურსის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოგენიჭებათ ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების ____ კრედიტი.

კურსის ღირებულება შეადგენს ____ ლარს.

რამდენიმე ავტორიზებული მომხმარებლის პაკეტის შეძენის შემთხვევაში, იმოქმედებს შემდეგი ფასდაკლება:

  • 2-დან 5 მონაწილემდე - ლარი
  • 6-დან 10 მონაწილემდე - ლარი
  • 11-დან 20 მონაწილემდე - ლარი 

გადახდა წარმოებს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის ონლაინ გადახდის სისტემის მეშვეობით, ასევე ინდივიდუალურად ინვოისირების საფუძველზე.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე (ტელეფონის ნომერი) ან მოგვწერეთ (ელ.ფოსტა).